ყვარლის ღვინის გვირაბი
„მეღვინეობა ხარება“ უწყვეტად ცდილობს უძველესი ქართული ტრადიციის - ღვინის 8000 წლიანი ისტორიის გაგრძელებას.
კომპანია აქტიურად ზრუნავს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოებაზე.
ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს კომპანიის მიერ შექმნილი უნიკალური ღვინის საცავი და ტურისტული კომპლექსი „ყვარლის ღვინის გვირაბი“. ეს არის ადგილი, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტს ერთნაირად იზიდავს და მათში დაუვიწყარ ემოციებს აღვიძებს.
გვირაბი, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C -მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. გვირაბში არსებული ღვინის ბოთლები განლაგებულია ჰორიზონტალურად ან თავდაყირა მდგომარეობაში იმისთვის, რომ ღვინის დაძველების პერიოდში საცობი მუდმივად სველი იყოს.
ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია, რომელიც ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი გვირაბებისგან შედგება. გვირაბის ორი შესასვლელიდან ერთს ტურისტული დანიშნულება აქვს, ხოლო მეორე შესასვლელიდან ხდება იმ ღვინოების მოვლა და დავარგება, რომლებიც მეტალისა და მუხის ჭურჭელში ინახება. სწორედ ამ ნაწილში შეუძლია სტუმარს დაათვალიეროს ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. ყველაზე ძველი საკოლექციო ღვინო 17 წელს ითვლის.