მეღვინეობა ხარებას საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია ქართული და ევროპული ჯიშის ვაზები, ასევე საკოლექციო ნაკვეთი, რომელშიც 300-ზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიშია. ვენახები მდებარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში: კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. დღეს, მეღვინეობა ხარება 7 ადგილწარმოშობის, 25 სახეობის ვაზის ჯიშისგან 50 დასახლების ღვინოს აწარმოებს.
მეღვინეობა ხარებას მთავარი საწარმო მდებარეობს თერჯოლაში. მარანში ერთმანეთთან შერწყმულია 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია და 21-ე საუკუნის ტექნოლოგია. შერჩევითი რთველის შემდეგ საუკეთესო მტევნები მარანში ხვდება, სადაც კიდევ ერთხელ გადის სელექციას. ეს პროცესი საფუძვლად უდევს მაღალი ხარისხის ღვინის დამზადებას. ქართული ტრადიციული მეღვინეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავით მზადდება საუკეთესო ქართული ღვინო.
თანამედროვე ტექნოლოგიებით და უძველესი ტრადიციების გათვალისწინებით შექმნილი მარანი, რომელიც აღჭურვილია იტალიური თანამედროვე დანადგარებით და უჟანგავი ლითონის რეზერვუარებით. მეღვინეობა ხარება ღვინოს აწარმოებს როგორც კლასიკური, ისე ქვევრის და კასრში დავარგების მეთოდით. კომპანიის ღვინის დავარგება ხდება საუკეთესო ხარისხის ფრანგული მუხის ახალ კასრებში.
აღმოსავლეთ საქართველოში ყურძნის მიღება-დამუშავება ხდება ვაჩნაძიანის მარანში, რომლის ისტორია 17 საუკუნეში იწყება. მტრების შემოსევების შედეგად განადგურებული მარანი 1877 წელს კვლავ აღადგინეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა როგორც ძველი ტრადიციების შენარჩუნება, ასევე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა. დამზადებული ღვინო ინახება 7.7კმ. სიგრძის ყვარლის ღვინის გვირაბში, სადაც წელიწადის ყველა სეზონზე შენარჩუნებულია, ღვინისთვის იდეალური, ბუნებრივი ტემპერატურა 12-14 °C.